ამქვეყნად ყველაფერს ეშველება, თუ ხალხი ერთმანეთს ეფერება... თუ ვნებებს დროულად დაიოკებ, თუ სული სიცრუეს ემტერება, თუ გზაზე როცა ვინმე გადაგირბენს, ძარღვები ბრაზით არ გებერება, ცდუნებას თუ გაუძლებ ღალატისას, თუ მღერი, როცა გულით გემღერება, თუ კითხვებს უპასუხოდ არ ტოვებ და თუ წარსულს იხსენებ დანანებით, თუ სიტყვას აწონი და ისე იტყვი, თუ უძლებ, როცა მოდის გასაძლები, თუ სხვისთვის ცოტა მეტი გემეტება, თუ შენთვის სიმართლე პირველია, თუ შეძლებ, რომ სხვას თვალი გაუსწორო, როცა შენი სული შიშველია, თუ გაქვს ნებისყოფა ერთგულების, თუ გულით გეცოდება შურიანი, იმ გულით, რომ გიფეთქავს სიყვარულით, მუდამ რომ ღიაა და სტუმრიანი, თუ შენთვის ყოველი დღე დიდია და უფლისგან ნაბოძები საჩუქარი, თუ შენი აზროვნება სიკეთეა და არა დიდი ბოღმის საბუდარი, მიხვდები – ყველაფერს ეშველება, თუ შენი ცხოვრება სხვას ეფერება... მტერი გყავს? – ესე იგი, ფერადი ხარ... უფერულს არავინ ემტერება...
++++
პირველად მხოლოდ მზერა გაჩუქე... მახსოვს, იჩუქე დაუფიქრებლად, დასაბრუნებლად ვერ გაიმეტე, გაქრი და...ურცხვად დამრჩი ფიქრებად... მერე მოხვედი... მოხვედი სიტყვად, წვიმად მოხვედი, როცა მწყუროდა, როცა მციოდა, მოხვედი სითბოდ, ღიმილად – როცა სევდა მსტუმრობდა, მარტოობისას მოხვედი კაცად, გაჭირვებისას – ერთგულ მეგობრად, გამარჯვებისას მოხვედი მარცხად, ცხოვრება წამში მიქციე ბოდვად, და ამ ბოდვაში მოხვედი სიზმრად, სიზმრად, რომლითაც ძილი იწყება, რომელშიც თავს გრძნობ დაცულად, მშვიდად და აღარ გინდა გამოღვიძება... მაგრამ ყველაზე გრძელი სიზმარი, როგორც ამბობენ, ათი წამია, და იმ ათ წამში რაც შენ მითხარი, მოვისმინე და – არ მინანია... დავიწყე დროის ნულიდან ათვლა და უყოყმანოდ გაჩუქე გული, ყველანაირი: დაცლილი, სავსე, ხან მშვიდი, ხანაც გადარეული, გაჩუქე ჩემი ყოველი წამი, ემოციების კორიანტელი, ცრემლი, ღიმილი, ტკივილი, შვება, –დამგროვებია თურმე რამდენი... შენ კი სანაცვლოდ მაჩუქე სული... ჩემს ნაჩუქარზე ბევრად მეტია... უჩუქებიათ ბევრი რამ ჩემთვის... სული? პირველად... ერთადერთია...